მოდი, ვისაუბროთ Daily Scrum-ზე, ივენთზე, რომელსაც ყოველდღე ატარებ შენს გუნდთან ერთად. შეხვედრა, რომელზეც, როგორც წესი, ჯგუფის ყველა წევრი პასუხობს სამ ძირითად კითხვას, რა გააკეთა გუშინ, რაზე უნდა იმუშაოს დღეს და რა დაბრკოლებები შეხვდა მუშაობის პროცესში. ზოგჯერ გათვალისწინებულ 15 წუთზე საგრძნობლად მეტ ან ნაკლებ დროში სრულდება. ნაცნობი სიტუაციაა, ხო?
მართალია, სქრამ გაიდი გვეუბნება, რომ სქრამ ფრეიმვორქის ბენეფიტებით სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გაიდში მოცემულ წესებს სიზუსტით დავიცავთ, მაგრამ რეალურ გარემოში, გადამწყვეტი მნიშვნელობა მკაცრ ინსტრუქციებსა და კონტექსტს შორის მოქნილობასა და ბალანსის შენარჩუნებას ენიჭება.
უფრო რომ გავამარტივოთ, მაგალითად, შენ და შენმა მეგობრებმა გადაწყვიტეთ ფეხბურთის თამაში. წესები კარგად იცით, მაგრამ შეზღუდული რესურსები გაქვთ. ვთქვათ, სათამაშოდ არც ისე იდეალური გარემო - არც ისე სწორი სათამაშო მოედანი, რომელიც იდეაში სტადიონის როლს ასრულებს და ძელების ნაცვლად, კარის ორ ლოდებს იყენებ. იმის გამო, რომ იდეალური ინფრასტრუქტურის მქონე სტადიონზე ვერ ახერხებთ თამაშს, ან თითოეულ გუნდში 11 მოთამაშე ვერ შეიკრიბეთ, საერთოდ ხომ არ იტყვით უარს თამაშზე? მემგონი, არა. იგივე პრინციპით, რეალურ სამუშაო გარემოში კონტექსტის გათვალისწინებით, სხვადასხვა გუნდში Daily Scrum შემდეგი ვარიაციებით შეგიძლია ჩაატარო:
შეცვალე სიხშირე: შესაძლოა, სამუშაოს ხასიათის, შინაარსისა და ყოველდღიური გამოწვევების გათვალისწინებით, გუნდს საერთოდ არ ჭირდებოდეს ყოველ დღე შეხვედრა და მაგალითად, შეხვედრის გამართვა კვირაში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ უფრო ეფექტური იყოს.
შეცვალე კითხვები: შეგიძლია, ტრადიციული სამი კითხვა შეამცირო. მაგალითად, მესამე კითხვა - “რა დაბრკოლებები შეგხვდა მუშაობის პროცესში?” შეცვალო შემდეგი შეკითხვით - “ რამე ხომ არ არის ისეთი რისი განხილვაც გინდა?” ან საერთოდ შეცვალო და გუნდის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციფიკური შინაარსის კითხვები დასვა.
შეცვალე “ მაგიდის გარშემო” პრინციპი: იმის მაგივრად, რომ მაგალითად, გუნდის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე ჩაეკითხო, შეგიძლია, ზოგადად დასვა შეკითხვა -” ვის აქვს პრობლემები ან განსახილველი საკითხები?”. თუ დისკუსია თაიმბოქსს გასცდება, იმ გუნდის წევრებს, რომელთა უშუალო საქმიანობასაც არ ეხება ეს დისკუსია, საშუელება მიეცი შეხვედრა დატოვონ.
მოიწვიე წარმომადგენლები: თუ დიდი გუნდი გყავს, კონკრეტული ადამიანების დასწრება გახადე სავალდებულო, დანარჩენების კი ნებაყოფლობითი. სავალდებულო დამსწრეები ერთი მხრივ, გუნდის დარჩენილ წევრებს მიაწვდიან საკვანძო ინფორმაციას და მეორე მხრივ, მათი საჭიროებების, შექმნილი სირთულეებისა და პროგრესის გამჟღერებლები იქნებიან.
შექმენი ასინქრონული აჯენდა: მოსახერხებელ ფორმატში შექმენი ყველასთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტი, სადაც გუნდის წევრები გააზიარებენ ბლოკერებსა და შემდეგ სთენდაფზე განსახილველ თემებს. თუ სია ცარიელი იქნება, გუნდს შეუძლია შემდეგი სთენდაფ შეხვედრა გააუქმოს და მხოლოდ მაშინ შეხვდნენ, როცა დღის წესრიგი შეივსება განსახილველი საკითხებით.
მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ რა სტანდარტსაც დანერგავ Daily Scrum-ის ჩასატარებლად, მუდმივად გაზომე/აკონტროლე ამ სტანდარტის ეფექტურობა და საჭიროებისამებრ, დაკვირვების შედეგის საფუძველზე, სწრაფად განახორციელე ცვლილებები. Being agile not doing agile!
Komentar