როგორც დამწყები Scrum Master შეიძლება მძაფრად გრძნობდე შიშს, რომ მიუხედავად საბაზისო თეორიული ცოდნისა და ადეკვატური უნარებისა, მაინც არ ხარ კომპეტენური და ეჭვით უყურებდე საკუთარ შესაძლებლობებს, რამდენად შეძლებ ამ ახალი როლისთვის თავის გართმევას. ეს მუდმივი შიშები და ეჭვები გიმძაფრებს დაუცველობის შეგრძნებასა და განცდას, რომ ერთხელაც იქნება შენ გარშემო ყველა მიხვდება, როგორი თვითმარქვია (იმპოსტერ) და არაკომპეტენტური ხარ.
თუ ეს სიმპტომები გეცნო, მაშინ, დიდი ალბათობით, იმპოსტერის სინდრომი გაწუხებს, რაც შემდეგი ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული:
თავდაჯერებულობის ნაკლებობა: იმოსტერის სინდრომის დროს ეჭვი შეგაქვს საკუთარ თავში, შესაძლებლობებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში, რის გამოც გამუდმებით სხვებისგან ითხოვ ვალიდაციას.
წარუმატებლობის შიში: როგორც დამწყები სქრამ მასტერი, შეიძლება შენი როლის მიმართ არსებული ბევრი მოლოდინისა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების გამო, გადატვირთულად გრძნობდე თავს და გაგიჩნდეს განცდა, რომ ამდენ რამეს ერთად ვერ გაუმკლავდები. წარუმატებლობის ეს შიში ხელს შეგიშლის რისკების, გაბედული გადაწყვეტილების მიღებასა და ზრდის შესაძლებლობების გამოყენებაში.
სხვებთან შედარება და პერფექციონიზმი: თუ გამუდმებით გამოცდილ სქრამ მასტერებს შეადარებ თავს და მათი გამოცდილების იდეალიზებას დაიწყებ, ეს გაგიმძაფრებს იმპოსტერის სინდრომს. სურვილი, რომ ყოველთვის და შენი როლის ყველა ასპექტში სრულყოფილი იყო, ძალიან დიდ დაბრკოლებად გექცევა თვითგანვითარების პროცესში.
მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ, შენამდე ბევრმა ადამიანმა გაიარა ეს გზა და არსებობს უკვე გამოცდილი და მუშა სტრატეგიები ამ სინდრომთან გასამკლავებლად:
აღიარება და მიმღებლობა: თუ აღიარებ, რომ განსაკუთრებული არაფერი გჭირს და შენ მსგავსად, თუნდაც შენთვის ბევრი სამაგალითო პროფესიონალისთვის ნაცნობი შეგრძნებაა კომპეტენტურობასთან დაკავშირებული შიშები, ნაკლებად მკაცრი იქნები საკუთარი თავის მიმართ და ეს მიმღებლობა შეგიმსუბუქებს სინდრომთან გამკლავების გზას.
მიღწევების აღიარება: სქრამ მასტერის როლში მიღწეული ყველა წარმატება, მათ შორის ისეთიც კი, რომელიც უმნიშვნელოდ შეიძლება მოგეჩვენოს, აუცილებლად ჩაინიშნე. როცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარება, შეახსენე შენს თავს ეს მიღწევები. ეს ტექნიკა დაგეხმარება თავდაჯერების გაძლიერებასა და თვითრწმენაში.
ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება: გამოწვევები, სირთულეები და წარუმატებლობები მიიღე, როგორც ზრდისა და სწავლის შესაძლებლობა და არა, როგორც კრახი. გაააცნობიერე, რომ შეცდომები პროცესის ნაწილია და შენ გამონაკლისი არ ხარ - მას ყველა უშვებს! იყავი ისეთივე კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ, როგორც მსგავსი გამოწვევების შემთხვევაში იქნებოდი შენი კოლეგების მიმართ.
მხარდაჭერისა და მენტორების ძიება: დაუკავშირდი სხვა სქრამ მასტერებს, როგორც ჯუნიორებს, ასევე გამოცდილებს, იმისათვის, რომ გაიზიარო მათი გამოცდილებები და მიგნებები. მენტორისა და ქოუჩის ყოლა პროფესიული განვითარების გზაზე აუცილებლად დაგეხმარება თავდაჯერების გაძლიერებასა და იმპოსტერ სინდრომისგან თავის დაღწევაში.
ფოკუსი მუდმივ განვითარებაზე: დაისახე პატარა, მიღწევადი მიზნები და ფოკუსირდი ახალი ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. თუ თანმიმდევრულად და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ ინვესტიციას ჩადებ შენს განვითარებაში, ეს დრამატულად გაზრდის შენს თვითშეფასებას, თავდაჯერებასა და შეამცირებს იმპოსტერ სინდრომის ძალაუფლებას შენს აზროვნებაზე.
Commentaires