კომპანიაში ყველა თავდაუზოგავად მუშაობს. მობილური აპლიკაციის გუნდი ახალ დიზაინს ქმნის, ვებსაიტის დეველოპერები კოდს აუმჯობესებენ, მხარდაჭერის ჯგუფი კი მომხმარებლის შეტყობინებებს პასუხობს. ყველა დაკავებულია, მაგრამ ბიზნესი რატომღაც ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც გინდოდა.
მიზეზი ხშირად ერთ, ერთი შეხედვით, უბრალო რამეში იმალება – კომპანიაში ბევრმა არ იცის, რა არის სინამდვილეში მათი პროდუქტი.
ეს კითხვა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ჩანს. მოდი, მარტივად და პროფესიონალურად გავერკვეთ, რა შეცდომას უშვებს ბევრი კომპანია და როგორ დავიცვათ თავი ფოკუსის დაკარგვისგან.

ანუ, რა არის პროდუქტი?
დავივიწყოთ რთული განმარტებები. მოდი, გამოვიყენოთ მარტივი ფორმულა:
პროდუქტი არის ის, რისთვისაც მომხმარებელი შენთან მოდის (და რაშიც ფულს იხდის) და ის, რაც შენს კომპანიას შემოსავალს უქმნის.
მაგალითად, ონლაინ კინოთეატრისთვის პროდუქტი თავად ფილმებისა და სერიალების ყურების სერვისია. ბანკისთვის – იპოთეკური სესხი.
პროდუქტი არ არის მისი კომპონენტები: ვებსაიტი, მონაცემთა ბაზა ან მობილური აპლიკაცია. ეს ყველაფერი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტებია, რომლებიც პროდუქტის მიწოდებას ემსახურება.
შეცდომა, რომელიც ბიზნესს ზრდაში აფერხებს
მოდი, განვიხილოთ საკვების მიტანის სერვისის კლასიკური მაგალითი
როცა კომპანიაში 10 თანამშრომელია, კითხვაზე “რა არის ჩვენი პროდუქტი?” ყველა ერთხმად გიპასუხებს: “საკვების სწრაფი მიტანა”. ყველას ერთი მიზანი აქვს და ყველა ამ მიზნისთვის მუშაობს.
ახლა წარმოიდგინე, კომპანია გაიზარდა და მასში 3000 ადამიანი მუშაობს. იგივე კითხვას რომ დასვამ, შესაძლოა, სულ სხვადასხვა პასუხი მიიღო. ვიღაც იტყვის, რომ მისი პროდუქტი მომხმარებლის აპლიკაციაა, სხვა გიპასუხებს, რომ კურიერის აპლიკაციაზე მუშაობს, მესამე კი – ჩათის მესენჯერზე.
სინამდვილეში, ბიზნესი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ თანამშრომლების რაოდენობა. მსხვილი კომპანიები ხშირად ერთ დიდ პროდუქტს პატარა “მინი-პროდუქტებად” შლიან. თითოეულ ასეთ ნაწილს საკუთარი მენეჯერი ჰყავს, რომელიც თავის გუნდს ამ კონკრეტული კომპონენტის განვითარებაზე აკონცენტრირებს და არა მთლიანად პროდუქტის.
სწორედ აქ იწყება პრობლემები:
როცა გინდა, დაამატო ისეთი მარტივი ფუნქცია, როგორიცაა კურიერისთვის “tips-ის” დატოვება, საქმეში ერთდროულად რამდენიმე გუნდის ჩართვა გიწევს. კლიენტის აპლიკაციაში ღილაკი უნდა დაემატოს, კურიერის აპლიკაციაში – შეტყობინება, გადახდების სისტემაში – ტრანზაქცია. ამ ყველაფრის კოორდინაცია კი უამრავ დროს, ენერგიასა და შეხვედრას მოითხოვს.
თითოეული გუნდის მენეჯერი ცდილობს, საკუთარი კომპონენტის “მნიშვნელობა” დაამტკიცოს. შედეგად, გუნდები ხშირად გადატვირთულები არიან მეორეხარისხოვანი ამოცანებით, რომლებიც საერთო სურათზე არანაირ გავლენას არ ახდენს, მაგრამ ლოკალური მეტრიკებისთვის “მნიშვნელოვანია”.
რადგან ყველა გუნდი მუდმივად “დაკავებულია”, ახალი დიდი ამოცანის შემოსვლისას მენეჯმენტი ფიქრობს, რომ რესურსი არ ჰყოფნის და… ქმნის ახალ გუნდებს. ეს კი უსასრულო და არაეფექტური პროცესია.
როგორ განვსაზღვროთ პროდუქტი სწორად?
წარმოიდგინე თავი მომხმარებლის ადგილას. რატომ მოდის ის შენთან?
ავიღოთ Spotify-ს მაგალითი. შენ ხომ პლეერის ღილაკისთვის ან პირადი კაბინეტისთვის არ იხდი ფულს? შენ ეძებ განწყობას ვარჯიშისთვის, ატმოსფეროს დასვენებისთვის ან ფონს სამუშაოსთვის. სწორედ ეს არის პროდუქტი – მთლიანი სერვისი, რომელიც ამ საჭიროებას გიკმაყოფილებს.
იგივე პრინციპი მუშაობს ყველგან. ბანკში პროდუქტი არ არის “სესხი 8%-ად”, არამედ ზოგადად საკრედიტო მიმართულება, რომელიც ადამიანს ფინანსური პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. “სესხი 8%-ად” კი უბრალოდ ამ დიდი პროდუქტის ერთ-ერთი მახასიათებელი, ანუ “ფიჩია”.
პროდუქტს ყოველთვის აქვს ბიზნეს მოდელი, რომელიც მის შენახვასა და განვითარებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, “კრედიტი ახალგაზრდა ოჯახებისთვის” ვერ იქნება ცალკე პროდუქტი, რადგან მისი შემოსავალი, სავარაუდოდ, ვერ დაფარავს იმ გუნდის ხარჯებს, რომელიც მასზე მუშაობს.
საბოლოო ჯამში, პროდუქტი ის სისტემაა, რომელსაც ჰყავს მომხმარებელი, მოაქვს შემოსავალი და წყვეტს კონკრეტულ პრობლემას. მისი სწორად განსაზღვრა ყველა თანამშრომელს ერთ მიზნის გარშემო აერთიანებს, ზოგავს კომპანიის რესურსებს და ბიზნესს სტაბილური ზრდის საშუალებას აძლევს.
ასე რომ, დაფიქრდი: რა არის სინამდვილეში შენი კომპანიის პროდუქტი?