შეისვენე და და დაგეგმე მოგზაურობა ეჯაილ მიდგომებით

დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად თავად მოგზაურობის დაგეგმვის პროცესი დამატებით სტრესთან ასოცირდება.
თუ ტექნოლოგიური სამყარო და პროექტების მართვის თანამედროვე მიდგომები შენთვის უცხო არ არის, მაშინ Agile მეთოდოლოგიაც გეცოდინება. მაგრამ გიფიქრია, რომ ის, რაც წარმატებით მუშაობს სტარტაპებსა და IT კომპანიებში, შეიძლება იდეალური ფორმულა აღმოჩნდეს შენი შემდეგი თავგადასავლის დასაგეგმად?

წარმოიდგინე: თვეებით ადრე ზედმიწევნით გაწერილი გეგმა, საათობრივად გადანაწილებული აქტივობები და უცებ… გადაიდო ფრენა, სასურველი მუზეუმი დაკეტილი დაგხვდა ან უბრალოდ, გზად ისეთი ადგილი აღმოაჩინე, რომელზეც არაფერი იცოდი და ახლა იქ დარჩენა გსურს. სწორედ ასეთი მოულოდნელობებია მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი.

Agile მიდგომა კი გასწავლის, როგორ იყო მზად ცვლილებებისთვის და როგორ მოერგო მათ ისე, რომ სტრესის ნაცვლად, სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღო.

შექმენი შენი “მოგზაურობის ბექლოგი”

პროექტების მენეჯმენტში “ბექლოგი” (Backlog) არის ყველა იმ დავალების სია, რაც შესასრულებელია. მოდი, შევქმნათ ჩვენი მოგზაურობის ბექლოგი. აიღე ფურცელი, გახსენი Trello ან ნებისმიერი სხვა აპლიკაცია და ჩამოწერე ყველაფერი, რასაც ამ მოგზაურობისგან ელი:

  • იდეები: “მინდა ვნახო ეიფელის კოშკი”, “მინდა გავსინჯო ნამდვილი იტალიური პიცა”, “მინდა წავიდე ტექნო ფესტივალზე ბერლინში”, “მჭირდება ბიუჯეტური ავიაბილეთები”.
  • აუცილებელი საქმეები: “პასპორტის ვადის შემოწმება”, “სამოგზაურო დაზღვევის გაკეთება”, “სასტუმროს დაჯავშნა”.
  • სურვილები: “ვისწავლო რამდენიმე ფრაზა ადგილობრივ ენაზე”, “ვიყიდო ვინტაჟური პოსტერები”.

ეს არის შენი მთავარი სია, შენი “Wishlist”-ი, რომელსაც პერიოდულად დაუბრუნდები.

დაგეგმე “სპრინტებად”

Agile-ში “სპრინტი” არის დროის მოკლე, ფიქსირებული პერიოდი (მაგალითად, 1-2 კვირა), რომლის განმავლობაშიც კონკრეტული ამოცანები სრულდება. მოგზაურობის დაგეგმვაც ასე დავყოთ:

  • სპრინტი #1 (მოგზაურობამდე 1-2 თვით ადრე): კვლევა და პრიორიტეტები. ამ სპრინტის მიზანია, შენი ბექლოგიდან ამოარჩიო ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები. გადაწყვიტე საბოლოო მიმართულება, განსაზღვრე ბიუჯეტი. მოიძიე ინფორმაცია ფრენებსა და საცხოვრებელზე. არ არის აუცილებელი, ყველაფერი ახლავე დაჯავშნო. მთავარია, ჩამოყალიბდე.


სპრინტი #2 (მოგზაურობამდე 3-4 კვირით ადრე): ჯავშნები და დოკუმენტები. დროა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯავშნები გააკეთო: ბილეთები, სასტუმრო ან Airbnb. შეამოწმე ყველა საჭირო დოკუმენტი. ამ სპრინტის ბოლოს შენ უკვე გეცოდინება, რომ მოგზაურობა შედგება და მთავარი დეტალები მოგვარებულია.

  • სპრინტი #3 (მოგზაურობამდე 1 კვირით ადრე): დეტალები და მზადება. ეს ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. დაგეგმე, რომელ მუზეუმებს ესტუმრები, სად დააგემოვნებ საუკეთესო ყავას. ჩაალაგე ბარგი. შეადგინე ფლეილისტი მგზავრობისთვის.

იყავი მოქნილი – მთავარია ღირებულება და არა დეტალური გეგმა

Agile-ის ერთ-ერთი მთავარი მანიფესტია: “მუშა პროდუქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამომწურავი დოკუმენტაცია”. ჩვენს შემთხვევაში, “მუშა პროდუქტი” შენი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობაა და არა ის, თუ რამდენად ზუსტად მიჰყევი წინასწარ გაწერილ გეგმას.

შეიძლება, დაგეგმილი გქონდეს მუზეუმში წასვლა, მაგრამ გზად შემთხვევით ისეთ საინტერესო უბანს წააწყდე, რომ მთელი დღე იქ გაატარო. Agile მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს – ნუ შეგეშინდება ცვლილებების. მთავარია, ყოველი დღიდან მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და ღირებულება.

მოკლედ, შეისვენე, გახსენი ლეპტოპი და დაიწყე შენი შემდეგი თავგადასავლის დაგეგმვა Agile-ურად. შექმენი ბექლოგი, დაყავი პროცესი სპრინტებად და რაც მთავარია, მიეცი თავს მოქნილობისა და სპონტანურობის უფლება. ასე დაგეგმილი მოგზაურობა სტრესული მომზადებიდან სასიამოვნო და კრეატიულ პროცესად გადაიქცევა.