ყველა უნდა იყოს ბიზნეს ანალიტიკოსი

ბიზნეს ანალიზი ხშირად აღქმულია როგორც კონკრეტული პოზიცია, რომელიც IT გუნდებში გვხვდება. რეალურად ეს არის როლი – აზროვნებისა და უნარების კომბინაცია, რომელიც არ იზღუდება ერთი ინდუსტრიით ან თანამდებობით.

არ აქვს მნიშვნელობა ხარ დეველოპერი, მარკეტინგის სპეციალისტი, HR მენეჯერი … დიდი ალბათობით, უკვე ასრულებ ანალიტიკოსის როლს, უბრალოდ ჯერ შეიძლება ვერ აცნობიერებ.

როცა ცდილობ გაიგო რას ითხოვს მენეჯმენტი, რატომ მუშაობს გუნდი კონკრეტულ პროექტზე და როგორ უნდა გაზომოთ შედეგი, აი, სწორედ ამ დროს, ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობას ასრულებ. გილოცავ!

საწყისი

1950-იან წლებში, IBM-ში გაჩდნენ პირველი ადამიანები, რომლებსაც დღეს “ბიზნეს ანალიტიკოსებს” ვუწოდებთ. მაშინ მათ “მეთოდური ინჟინრები” ერქვათ. მართალია, ეს როლი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ საქმეს მშვენივრად აკეთებდნენ: აკავშირებდნენ ბიზნესს და ტექნოლოგიას, ხსნიდნენ გაუგებრობებს და თავიდან იცილებდნენ იმ ტიპურ პროექტს, რომელიც “კარგად გაკეთდა, მაგრამ არავის სჭირდებოდა”.

შემდეგ მოვიდა 2003 წელი და IIBA-მ (International Institute of Business Analysis) თქვა: “ჰეი, მოდით ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში დავწეროთ.” და ასე შეიქმნა BABOK. ბიბლია მათთვის, ვისაც აინტერესებს რატომ აკეთებენ საქმეს და არა უბრალოდ რას აკეთებენ.

რატომ არის ეს ყველაფერი აქტუალური დღემდე?

იმიტომ, რომ ორგანიზაციაში ყველა ლაპარაკობს, მაგრამ არა ერთ ენაზე:

  • დირექტორი საუბრობს სტრატეგიებზე, KPI-ებზე და „საჭიროა დროული მიწოდება“-ზე.
  • დეველოპერი საუბრობს API-ებზე, კოდზე და… JSON-ზე.
  • მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტი საუბრობს გაღიზიანებულ კლიენტებზე და უძილობისგან გამოწვეულ თავის ტკივილზე.

და ვინ უნდა გააერთიანოს ეს ყველაფერი ერთ აზრად? – რა თქმა უნდა, ბიზნეს ანალიტიკოსმა. ის სვამს კითხვებს, რომლებიც დაგაფიქრებს; კითხვებს, რომლებსაც ხუთ წუთში არ გაეცემა ამომწურავი პასუხი, და როცა გაეცემა, შეიძლება საერთოდ გადაგაფიქრებინოს პირვანდელი იდეა და სრულიად ახალი მიმართულებით წაგიყვანოს.

ხუთი უნარი, რომელსაც ყოველ დღე იყენებს ანალიტიკოსი, თუმცა სჭირდება ყველას

1) მოსმენა და მედიაცია: ის ჯერ მოგისმენთ შენ, შენს კოლეგას, და იმ თანამშრომელსაც, ვინც ყოველთვის წუწუნებს. მერე გკითხავთ ისეთ რაღაცას, რაზეც არ დაფიქრებულხართ.

2) ცნობისმოყვარეობა: ბავშვივით კითხულობს: “რატომ?”… “კარგი, და მაინც რატომ?”… “ჰო, მაგრამ მაგას ვისთვის ან რატომ ვაკეთებთ?” სანამ არ მიაგნებს პროექტის მიზანს, რომლის მიგნებაც თურმე არც ისე მარტივი ყოფილა.

3) მოდელირება: მისთვის პროცესის ნახაზის შედგენა ისევე ბუნებრივია, როგორც შენთვის საუზმე. შესაძლოა დახაზოს დიაგრამა “როგორ შევიძინოთ პური მაღაზიაში” და თანაც ისე გააკეთოს, რომ დაგაინტერესოს.

4) ადაპტაცია: შეიცვალა ბაზარი? გუნდმა გადაწყვიტა Agile-დან Waterfall-ისკენ მიბრუნება? რა პრობლემაა?! ანალიტიკოსი უბრალოდ შეცვლის აქტივობებსა და ტექნიკებს, მაგრამ არ დაკარგავს მიზანს.

5) ანალიტიკური აზროვნება: ჯერ ამოცანას დაშლის პატარა ნაწილებად, შემდეგ კი ზუსტად ისე ააწყობს, როგორც ლეგოს დეტალებს აწყობენ ხოლმე. ყოველი ელემენტი ზუსტად იქ მოხვდება, სადაც უნდა იყოს.

და რატომ უნდა იყო შენც ბიზნეს ანალიტიკოსი?

იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში არ კმარა მხოლოდ „აკეთო შენი საქმე“. საჭიროა დანახვა, რატომ კეთდება საქმე. საჭიროა კითხვების დასმა, რომლებიც სხვებს არ მოუვიდათ თავში. საჭიროა საერთო მიზნის ძიება, და არა მხოლოდ საკუთარი KPI-ების შესრულება.

როცა მთელი გუნდი ფიქრობს ასე, კომპანიის მიზნები უფრო მკაფიო ხდება, გადაწყვეტილებები – ინფორმირებული, და მუშაობა – ნაკლებად ქაოსური.

და ბოლოს…

ეს არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა ერქვას “ბიზნეს ანალიტიკოსი”. თუმცა, ყველამ უნდა ისწავლოს ანალიტიკოსივით ფიქრი. იმიტომ, რომ საბოლოოდ ყველას გვინდა ერთი რამ: ჩვენი დრო, ენერგია და ნერვები დავხარჯოთ იმაზე, რაც მართლა ღირებულია.

და სწორედ ამას უზრუნველყოფს კარგი ბიზნეს ანალიზი.  

შეავსე ფორმა და ერთად დავგეგმოთ შენი ანალიტიკოსად ტრანსფორმაციის მოგზაურობა: https://forms.gle/S6MCb8DXwBo4TvWb7