შეისვენე და განივითარე ახალი უნარები

ოდესმე დაფიქრებულხარ, რომ შენი კარიერა რბოლას ჰგავს, სადაც წესები მუდმივად იცვლება? დღეს ერთი პროფესიაა ტრენდული, ხვალ მეორე. გუშინ ნასწავლი უნარი კი შეიძლება ერთ წელში სრულიად უსარგებლო გახდეს.

კარგი ამბავი ისაა, რომ “Pause” ღილაკი არსებობს. დროა, შეისვენო, გადააფასო კარიერული განვითარება და ახალი, უფრო მაგარი უნარებით აღიჭურვო.

რატომ არის საჭირო ზოგჯერ პაუზა

იმიტომ, რომ 21-ე საუკუნის „კარიერული თამაში“ სხვანაირია. აქ მთავარია არა ის, თუ ვინ ავითარებს უანრებს  ყველაზე სწრაფად, არამედ ის, ვინც ყველაზე კარგად ეგუება ცვლილებებს.

მუდმივი რბოლა იწვევს:

  • გაურკვევლობას: ამდენ პროფესიასა და კურსს შორის რთულია მიხვდე, საიდან დაიწყო.
  • წნეხს: სოც. ქსელებში ყველა წარმატებულია და გგონია, რომ შენც მუდმივად რაღაცას უნდა ასწრებდე.
  • გადაწვას: საბოლოოდ, ენერგია გელევა და სწავლის სურვილიც გიქრება.

როგორ დაიწყო Level Up?

წარმოიდგინე, რომ შენი უნარები ვიდეოთამაშის Skill Tree-ა. არ არის საჭირო, ყველა ტოტი ერთდროულად განავითარო. დაიწყე ჭკვიანურად.

ნაბიჯი 1: ჯერ გააკეთე ანალიზი, რა ხდება შენს გარშემო

  • გაიგე, რა არის მოთხოვნადი: უბრალოდ დაათვალიერე Jobs.ge ან LinkedIn. ნახე, რა უნარებს ეძებენ კომპანიები ყველაზე ხშირად.
  • დააკვიდი ტრენდს: რაზე ლაპარაკობს ყველა? AI? მონაცემთა ანალიზი? UX/UI? ცოტა „დაგუგლე“ და ზოგადი წარმოდგენა შეიქმენი.
  • ჰკითხე გამოცდილ ხალხს: იპოვე შენთვის საინტერესო პროფესიის ხალხი და უბრალოდ ჰკითხე  რას აკეთებენ, რა უჭირთ.

ნაბიჯი 2: ნუ ეცდები, ერთდროულად დრაკონსაც შეებრძოლო და პრინცესაც გადაარჩინო. დაიწყე პატარა დავალებით.

  • ფოკუსირდი ერთ რამეზე: „მარკეტინგის“ სწავლის ნაცვლად, ისწავლე „Instagram Story-ს დიზაინი Canva-ში“. იყავი მაქსიმალურად კონკრეტული.
  • ისწავლე ჭკვიანურად: YouTube, Coursera, Udemy აირჩიე მოკლე კურსი, რომელსაც მალე დაასრულებ.
  • ეგრევე საქმეში ჩაერთე: რასაც ისწავლი, მაშინვე გააკეთე. უყურე 15-წუთიან ტუტორიალს და შემდეგ 1 საათი შენ თვითონ იმუშავე. პრაქტიკის გარეშე, ცოდნა უბრალოდ ინფორმაციაა.

ნაბიჯი 3: მთავარია, არ გაჩერდე.

  • გამოყავი დრო: კვირაში 3-4 საათიც საკმარისია.
  • ააწყე შენი ნამუშევრების პორტფოლიო: შენი ნამუშევრები შენს სიტყვებზე ბევრად ხმამაღლა ლაპარაკობს. 

ასე რომ, როცა იგრძნობ, რომ დაიღალე ან გზა აგებნა, უბრალოდ შეისვენე. ეს პაუზა არის შანსი, რომ განახლდე, ახალი სტრატეგია მოიფიქრო და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდე. მთავარი უნარი ხომ სწორედ ეს არის – ცვლილებებთან ადაპტაცია.