შეისვენე და დააკვირდი რამდენად ესმით თანამშრომლებს სტრატეგიული მიზნები

რამდენადაც კარგი შეიძლება იყოს კომპანიის სტრატეგიული მიზნები, მისი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ესმით და იღებენ მას ყველა დონეზე მყოფი თანამშრომლები. მოდი, დროებით შევწყვიტოთ ყოველდღიური ქაოსი და რეალობას დავაკვირდეთ – აცნობიერებს თუ არა თქვენი გუნდი, რა მიზნების მიღწევას ცდილობს თქვენი ორგანიზაცია?

რა უშლის ხელს სტრატეგიის სწორ გაგებას?

სტრატეგიული დაგეგმარების მიდგომების არარსებობა: თუ სტრატეგია მხოლოდ ტოპ-მენეჯერებს ესმით, ეს მეტყველებს, იმაზე, რომ ორგანიზაციაში არ არსებობს სტრატეგიის კომუნიკაციის სისტემური მიდგომები (მაგალითად OKR), რომელიც საშუალებას აძლევს ქვედა დონის თანამშრომლებს, დაინახონ თავიანთი როლი საერთო მიზნებში.

მოკლევადიანი ფოკუსი:  ორგანიზაციაში მაღალია წნეხი მოკლევადიანი ამოცანების შესრულებაზე, რაც ყურადღებას აკლებს გრძელვადიან მიზნებს.

ხარვეზები კომუნიკაციის სტილში: სტრატეგიის გადმოცემა ხდება რთული, აბსტრაქტული ენით, რომელსაც იშვიათად მიყვება პრაქტიკული მაგალითები ან შედეგების კავშირი ინდივიდუალურ საქმიანობასთან.

როგორ დავრწმუნდეთ, რომ ორგანიზაციის სტრატეგია მიტანილია ყველა დონის თანამშრომელთან?

პირველ რიგში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებას ჰყავდეს პასუხისმგებელი ფუნქცია ( ე.წ Owner ), რომელიც იქნება აღნიშნული მიმართულების ცენტრალიზებული ფიგურა. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული დეპარტამენტი, ან ინდივიდიც კი. 

კომუნიკაციისას ეცადეთ, რომ გამოიყენოთ ენა, რომელიც თანამშრომლებისთვის გასაგებია, გამოიყენეთ ორგანიზაციაში არსებული კორპორატიული ტერმინები. გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, კონკრეტულად როგორ უკავშირდება მათი მოქმედება საერთო სტრატეგიულ მიზნებს.

დანერგეთ OKR-ები (Objectives and Key Results):
OKR არის მიზნების დასახვისა და პროგრესის შეფასების სტრუქტურირებული მეთოდი, რომელიც ორიენტირებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიზნების (Objectives) ფორმულირებაზე და მათი შესასრულებელი კონკრეტული შედეგების (Key Results) განსაზღვრაზე.

OKR-ები აკავშირებს სტრატეგიას ინდივიდუალურ და გუნდურ მიზნებთან, ხელს უწყობს გამჭვირვალობას და მთელი ორგანიზაციის ფოკუსირებას საერთო მიმართულებაზე.

  • Objective – შთამაგონებელი, ამოცანაზე ორიენტირებული მიზანია, რაც ორგანიზაციას სურს მიაღწიოს.
  • Key Results – გაზომვადი შედეგებია, რომლებიც აჩვენებს, რამდენად მიღწეულია მიზანი.

სტრატეგიული ფოკუსი დაავიწროვეთ კვარტლების დონეზე და დანერგეთ QBR-ები (Quarterly Business Reviews).  QBR-ი წარმოადგენს კვარტალურ ფორმატს, რომელშიც ტოპ-მენეჯმენტი და გუნდის ლიდერები ატარებენ შედეგების შეფასებას, მსჯელობენ მიღწეულ პროგრესზე და ადაპტირებენ სამომავლო გეგმებს.

  • ეს ფორმატი ქმნის სტრუქტურას სტრატეგიის რეგულარული მონიტორინგისთვის.
  • უზრუნველყოფს უკუკავშირს ქვედა დონეებიდან ზემოთ და ხელს უწყობს პრობლემებისა თუ დაბრკოლებების ადრეულ იდენტიფიკაციას.
  • გაძლიერებული ყურადღება ენიჭება იმას, თუ რამდენად ასახავს ყოველდღიური საქმიანობა სტრატეგიულ მიზნებს.

ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შექმენით სივრცე შეკითხვებისთვის, უკუკავშირისთვის და ინტერაქტიული განხილვებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ გრძნობა, რომ ისინი სტრატეგიის თანამშრომლები არიან, არა მხოლოდ შესრულების სუბიექტები.

შეჯამებისკენ, რომ წავიდეთ, უნდა ითქვას, რომ სტრატეგია მხოლოდ მაშინ ხდება რეალური ღირებულების მატარებელი, როცა ყველა დონეზე ხდება მისი გააზრება და ინტეგრაცია ყოველდღიურ მუშაობაში. 

ამიტომ დროა, შეისვენოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ – სტრატეგია მხოლოდ დოკუმენტია, თუ ცოცხალი გზამკვლევი, რომელიც ყველა თანამშრომლის საქმიანობას მიმართულებას აძლევს?