წიგნების ის დასტა, საწოლთან რომ გიდევს და თვეებია, ვერ მოიცალე… ბრაუზერში გახსნილი 15 სტატია, რომელსაც „აუცილებლად წაიკითხავ, დრო როცა გექნება“
ადრე კითხვა შენთვის სიამოვნება იყო, ახლა კი უფრო ვალდებულებას ჰგავს. სოციალურ ქსელში ყველა წაკითხული წიგნების სიას აქვეყნებს და გგონია, რომ შენც რაღაცას უნდა ასწრებდე. შედეგად, კითხვა იქცევა წნეხად და საბოლოოდ, ყველაფერზე ხელს იქნევ.
თუ ეს სცენარი გეცნობა, დროა, შეისვენო. არა კითხვისგან, არამედ იმ მიდგომისგან, რომელმაც ის მოსაწყენ ვალდებულებად აქცია. მოდი, ეს პროცესიც ეჯაილით ვმართოთ.

რატომ იქცევა კითხვა წნეხად?
პრობლემა ისაა, რომ კითხვასაც კი „პროექტივით“ ვუდგებით, რომელსაც იდეალური შესრულება სჭირდება.
- არარეალურ მიზნებს: „წელიწადში 50 წიგნი უნდა წავიკითხო!“ – ასეთი მიზანი თავიდანვე გვაშინებს და პირველივე შეფერხებისას დანებების სურვილს გვიჩენს.
- „ყველაფერი ან არაფერი“ სინდრომს: თუ რამდენიმე დღე ვერ მოიცალე კითხვისთვის, გგონია, რომ გეგმა ჩაგივარდა და საერთოდ ანებებ თავს.
- სიამოვნების დაკარგვას: როცა კითხვა სიჩქარეზე და რაოდენობაზეა ორიენტირებული, პროცესით სიამოვნების მიღების უნარს ვკარგავთ.
როგორ აქციო კითხვა თავგადასავლად ეჯაილით?
წარმოიდგინე, რომ შენი საკითხავი სია არა ერთი დიდი, მიუვალი მთაა, არამედ პატარა კუნძულების არქიპელაგი, რომელთა აღმოჩენაც სათითაოდ შეგიძლია. ეჯაილი სწორედ ამაში დაგეხმარება.
ნაბიჯი 1: დაგეგმე „საკითხავი სპრინტები“
წლიური გეგმის ნაცვლად, დაგეგმე მოკლე, 2-კვირიანი ან 1-თვიანი „საკითხავი სპრინტები“.
- ცუდი მიზანი: წავიკითხო ყველა კლასიკოსი.
- კარგი, ორკვირიანი სპრინტის მიზანი: წავიკითხო ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ და 5 სტატია მარკეტინგის შესახებ.
ასე ზუსტად იცი, რა გაქვს გასაკეთებელი, სტრესი გიმცირდება და სპრინტის ბოლოს მიღწევის კონკრეტული შეგრძნება გაქვს.
ნაბიჯი 2: შექმენი შენი პირადი „ბექლოგი“
„ბექლოგი“ უბრალოდ იმ წიგნებისა და სტატიების სიაა, რომელთა წაკითხვაც გინდა. ეს არ არის პირობა. ეს არის შენი პირადი ბიბლიოთეკა, საიდანაც იდეებს იღებ. შეგიძლია დაყო კატეგორიებად: „აუცილებლად წასაკითხი“, „საინტერესოა“, „გასართობად“. სპრინტის დაგეგმვისას კი უბრალოდ „გამოაძრობ“ რამდენიმე ერთეულს ამ სიიდან.
ნაბიჯი 3: პროგრესის ვიზუალიზაცია
გამოიყენე Trello, Notion ან თუნდაც სტიკერები კედელზე და შექმენი 3 სვეტი:
- To Read (წასაკითხი): შენი სპრინტის მიზნები.
- Reading (ვკითხულობ): ის, რასაც ახლა კითხულობ (სასურველია, ერთდროულად 1-2 წიგნი).
- Read (წაკითხულია): ყველაზე სასიამოვნო ნაწილი! წიგნის ამ სვეტში გადატანა პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
ნაბიჯი 4: არა მხოლოდ წაიკითხო, არამედ დაამუშავო
კითხვის მიზანი ინფორმაციის დაგროვება კი არა, მისი გააზრებაა. ყოველი წიგნის ან მნიშვნელოვანი სტატიის შემდეგ, დაგეგმე პატარა დავალება:
- ჩაიწერე 3 მთავარი იდეა, რომელიც დაგამახსოვრდა.
- მოუყევი მეგობარს, რა ისწავლე.
- დაფიქრდი, როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას პრაქტიკაში.
ეს პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს და სასარგებლოს ხდის.
კითხვა არ უნდა იყოს რბოლა. ეს არის აღმოჩენებით სავსე მოგზაურობა. ეჯაილი კი გვეხმარება, მოვიხსნათ წნეხი, დავინახოთ პროგრესი და დავიბრუნოთ კითხვისგან მიღებული სიამოვნება.
აირჩიე ერთი წიგნი შენი სიიდან და დაიწყე შენი პირველი ორკვირიანი საკითხავი სპრინტი. მთავარია, პროცესით ისიამოვნო.