ბევრს აინტერესებს, რას საქმიანობს IT ბიზნეს ანალიტიკოსი რეალურად, ყოველდღიურ რეჟიმში. ბევრისთვის ეს როლი უამრავი დოუმენტის წერასთან და შეხვედრებში ჩართულობასთან ასოცირდება ხოლმე. მოდი გავიგოთ როგორია ამ როლის ერთი ჩვეულებრივი დღე.

მარტივად რომ აღვწეროთ, ბიზნეს ანალიტიკოსი არის ერთგვარი „ხიდი“ და „მთარგმნელი“. ის ბიზნესის იდეებს და მოთხოვნებს „თარგმნის“ ტექნიკური გუნდისთვის გასაგებ ენაზე და პირიქით, უზრუნველყოფს, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სწორად ესმოდეს.
ვნახოთ, როგორ გამოიყურება BA-ს ერთი სტანდარტული სამუშაო დღე.
დღე, როგორც წესი, კომუნიკაციების გადახედვით იწყება. პირველი ნახევარი საათი მეილების, Teams-ის ან Slack-ის შემოწმებას ეთმობა, რათა ბიზნეს ანალიტიკოსი დარწმუნდეს, ხომ არ არის რაიმე გადაუდებელი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
ამის შემდეგ იწყება დაგეგმვა. ბევრი BA აქტიურად იყენებს 80/20-ის წესს (პარეტოს პრინციპი) — ცდილობს, გამოყოს ის 20% ამოცანებისა, რომლებიც საბოლოო შედეგის 80%-ს განაპირობებს. მთავარი მიზანია, იყოს პროდუქტიული და არა უბრალოდ დაკავებული. დღის გეგმაში ინიშნება 2-3 მთავარი პრიორიტეტი და კალენდარში ჩანიშნული შეხვედრები.
დღის პირველი ნახევარი
ეს დრო ხშირად ყველაზე აქტიურია. მაგალითად, 11:00-ზე დაგეგმილია შეხვედრა Product Owner-თან და მარკეტინგის გუნდთან, რომლებსაც ახალი ფუნქციონალის დამატება სურთ აპლიკაციაში.
ბიზნეს ანალიტიკოსის მთავარი ინსტრუმენტები ამ ეტაპზე არის აქტიური მოსმენა, მონიტორინგი და ანალიზი. სვამს დამაზუსტებელ კითხვებს:
- „რატომ არის ეს ფუნქცია ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი?“
- „კონკრეტულად რა პრობლემას უგვარებს ის საბოლოო მომხმარებელს?“
- „რა იქნება ჩვენთვის წარმატების საზომი ?“
მისი მიზანია, ზუსტად გაიგოს რეალური ბიზნეს საჭიროება და არა მხოლოდ ზედაპირული სურვილი.
დღის მეორე ნახევარი
შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია ახლა დასამუშავებელია.
ბიზნეს ანალიტიკოსი იწყებს მოთხოვნების დეტალიზაციას. ეს შეიძლება მოიცავდეს პროცესების მარტივი დიაგრამების (Flowcharts) აგებას, რათა ვიზუალურად აჩვენოს, როგორ იმუშავებს ახალი ფუნქცია. ის ამზადებს „User Story-ებს“.ეს არის მოთხოვნების აღწერის ლაკონური ფორმატი, რომელიც ფოკუსირებულია მომხმარებელზე და მის მიზანზე.
მთავარი პრინციპია Keep it simple. მიზანი არ არის 100-გვერდიანი დოკუმენტის შექმნა. BA ქმნის ზუსტ და გასაგებ არტეფაქტებს, რომლებიც დეველოპერებს და ტესტერებს დაეხმარებათ, უშეცდომოდ შეასრულონ დავალება. ამ პროცესში ის მუდმივად აკონტროლებს „დიდ სურათს“.
საღამო
დღის ბოლო ხშირად მოულოდნელ, ოპერატიულ საკითხებს ეთმობა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტექნოლოგიური შეზღუდვა, დამაზუსტებელი კითხვები, Product ower-თან, ან ბიზნესთან კომუნიკაცია.
სხვათაშორის BA-მ უნდა იცოდეს, როგორ თქვას „არა“ დასაბუთებულად, მაგრამ ამავდროულად შესთავაზოს ალტერნატიული „კი“.
მაგალითად: „ამ ეტაპზე ფერის ცვლილებას ვერ მოვასწრებთ (ეს არის „არა“), რადგან დიზაინი უკვე დამტკიცებული და გადაცემულია, თუმცა შეგვიძლია, ეს ცვლილება დავგეგმოთ შემდეგი განახლებისთვის (ეს არის „კი“).“ BA იღებს პასუხისმგებლობას ამ კომუნიკაციის სწორად წარმართვაზე.
დღის შეჯამება
დღის ბოლოს მეილების შემოწმებისა და მეორე დღის ამოცანების პრიორიტეტიზაციის დროა.
როგორც ვხედავთ, ბიზნეს ანალიტიკოსის დღე დინამიურია და იშვიათად ერთფეროვანი. ეს არის მუდმივი ბალანსი ადამიანებთან კომუნიკაციას, ბიზნეს პროცესების ანალიზსა და ტექნიკურ დეტალებში გარკვევას შორის. ეს პროფესია მოითხოვს მუდმივ სწავლასა და პრობლემების გადაჭრის უნარს.
თუ გიყვართ კითხვების დასმა, თუ გაინტერესებთ არა მხოლოდ „რა“ კეთდება, არამედ „რატომ“ კეთდება, და თუ შეგიძლიათ რთული იდეები მარტივ და გასაგებ ენაზე გადმოსცეთ დიდი შანსია, რომ ეს პროფესია თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.