ვინ არის Product Owner და რა არის მისი პასუხისმგებლობები

ალბათ, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გესმის ტერმინი Product Owner (იგივე PO). LinkedIn-ზე ვაკანსიებს თვალი რომ გადაავლო, ნახავ, რომ ეს როლი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია ტექნოლოგიურ (და არა მხოლოდ) სფეროში.

მაგრამ, ვინ არის სინამდვილეში Product Owner? მოდი, მარტივად და გასაგებად ავხსნათ, რას ნიშნავს იყო პროდუქტის მფლობელი და რატომ სჭირდება დღეს ყველა წარმატებულ კომპანიას ეს ადამიანი.

ვინ არის Product Owner?

წარმოიდგინე, რომ შენმა კომპანიამ გადაწყვიტა შექმნას ახალი მობილური აპლიკაცია.

  • ბიზნესს (დირექტორებს, დამფუძნებლებს) უნდათ, რომ აპლიკაციამ ორგანიზაციას მოუტანოს მოგება.
  • მომხმარებლებს უნდათ, რომ აპლიკაცია იყოს მოსახერხებელი და შეეძლოს მათი პრობლემის გადაჭრა.
  • დეველოპერებს სჭირდებათ ზუსტი ინსტრუქცია, იმაზე თუ რა უნდა გააკეთონ და როდის.

აი, ზუსტად აქ ჩნდები შენ – Product Owner.

მარტივად რომ ვთქვათ, Product Owner არის ხიდი ბიზნესს, მომხმარებელსა და ტექნიკურ გუნდს შორის. შენი მთავარი მისიაა უზრუნველყო, რომ გუნდმა შექმნას ზუსტად ისეთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სჭირდება და ბიზნესისთვის ღირებულია.

რას აკეთებს Product Owner მთელი დღის განმავლობაში?

ზოგი ფიქრობს, რომ PO მხოლოდ შეხვედრებზე ზის, მაგრამ რეალობა ბევრად დინამიკურია. ქვემოთ გიზირებ რამდენიმე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას: 

1. პროდუქტის ხედვა (Vision) და მიზანი შენ უნდა იცოდე პასუხი კითხვაზე: “რატომ ვაკეთებთ ამას?”. შენ არ წერ კოდს, მაგრამ შენ განსაზღვრავ მიმართულებას. შენ ხარ როლი, რომელიც გუნდს აჩვენებს პროდუქტის “დიდ სურათს”.

2. ბექლოგის (Backlog) მართვა ეს PO-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ბექლოგი არის იმ დავალებების, იდეებისა და ფუნქციების სია, რომლებიც პროდუქტს უნდა ჰქონდეს. შენი საქმე არა მხოლოდ ამ სიის შედგენაა, არამედ პრიორიტეტიზაცია. შენ წყვეტ, რა გაკეთდება დღეს და რა გადაიდება მომავლისთვის.

3. “რა” და არა “როგორ” შენ დეველოპერებს ეუბნები რა უნდა გაკეთდეს (მაგალითად: “მომხმარებელმა უნდა შეძლოს პაროლის აღდგენა”), მაგრამ არ ეუბნები როგორ დაწერონ კოდი. ეს მათი საქმეა. შენ კი ამოწმებ, რამდენად შეესაბამება საბოლოო შედეგი შენს მოლოდინს.

4. Stakeholder-ებთან კომუნიკაცია შენ მუდმივად ესაუბრები დაინტერესებულ მხარეებს (მომხმარებლებს, მარკეტინგის გუნდს, დირექტორებს), აგროვებ მათ სურვილებს და თარგმნი მათ ტექნიკურ დავალებებად შენი გუნდისთვის.

რატომ არის ეს როლი ასეთი მოთხოვნადი?

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში კომპანიები მიხვდნენ მთავარ რამეს: არ არის საკმარისი უბრალოდ შექმნა პროდუქტი, მთავარია შექმნა სწორი პროდუქტი.

სწორედ ამიტომ სჭირდებათ Product Owner. კომპანიებს არ უნდათ დახარჯონ მილიონები ისეთი რამის შექმნაში, რაც არავის სჭირდება. PO არის ის გარანტი, რომელიც ზრუნავს, რომ დახარჯული დრო და რესურსი მაქსიმალურ ღირებულებად (Value) გარდაიქმნას.

ვის შეუძლია გახდეს Product Owner?

კარგი ამბავი ისაა, რომ ამისთვის არ გჭირდება იყო პროგრამისტი. PO-ს როლი იდეალურია შენთვის, თუ:

  • გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი.
  • შეგიძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.
  • გიყვარს პრობლემების გადაჭრა.
  • გაქვს ანალიტიკური აზროვნება.

ეს არის როლი, სადაც ყოველი დღე განსხვავებულია, სადაც რეალურ გავლენას ახდენ პროდუქტის განვითარებაზე და სადაც შენი შრომის შედეგს მალევე ხედავ შენც, ორგანიზაციაც და რაც მთავარია, მომხმარებლები